ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კონტრაქციის 28 მონაწილე. ზემოაღნიშნულის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. ასევე, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – აცხადებენ შსს-ში.

იტვირთბა....