ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა, რომ მარიონეტ თოჯინებს ივანიშვილი ათამაშებს – რომან გოცირიძე მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ყოფილი პრეზიდენტი არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდეს მწარე გამონათქვამების ან გახუმრების უფლება, – ამის შესახებ კომენტარი  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადების  საპასუხოდ გააკეთა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მარგველაშვილს გამონათქვამს იმ შემთხვევაში დაუფასებდა, თუ ყოფილი პრეზიდენტი იტყოდა, რომ მარიონეტ თოჯინებს ივანიშვილი მართავს.

„თუ თოჯინები ჰყავს, თოჯინები თავისით არ დადიან. ხანდახან არსებობენ მექანიკური თოჯინები, რომელსაც დაქოქავ და დადის, მაგრამ ის დიდხანს არ ძლებს დაქოქვის გარეშე. მას ყოველთვის აკლია გამბედაობა, როცა საქმე ივანიშვილს ეხება. უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა – თოჯინები გვყავს, ოღონდ მარიონეტი თოჯინები, რომლებიც ძაფზე არიან გამობმული და ივანიშვილი ათამაშებს, მართავს – ასე რომ ეთქვა, მაშინ დავუფასებდი ამ გამონათქვამს, ნახევრად სიმართლე თოჯინებთანაც კი გამოჩნდა მისი“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა გუშინ, არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხმა მისცა ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მარგველაშვილის თქმით, ასეთ ადამიანებს  უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში, რადგან: “თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, რომლებიც არა თავის პოზიციას და აზრს დააფიქსირებენ, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა უნდა გააკეთონ.” – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

 

იტვირთბა....