ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ზელენსკიმ სუსლიაკის ბავშვების წასაყვანად საკუთარი ბორტი გამოგზავნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი ბორტი გამოაგზავნა, რათა ათივე ბავშვი სამშობლოში დავაბრუნოთ, – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიკოლა კულებამ გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ბავშვები საგარეჯოში არიან.

„ჩვენ გუშინ შევხვდით პროკურატურას და შსს-ს. უკრაინულმა მხარემ მოამზადა ძალიან ბევრი დოკუმენტი ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ქალბატონი სუსლიაკი ტრეფიკინგშია ბრალდებული. ამის საფუძველი არსებობს, რადგან არის მასალები, სადაც დედა ბავშვებს კარგად არ უვლიდა, 1 ბავშვი დაეღუპათ რუსეთში, 6 არის სუროგაციის გზით გაჩენილი, 1 არის ამერიკის მოქალაქე. იულია სუსლიაკი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მათ გადაყვანას აპირებდა. გამოძიება უკრაინაშიც ტარდება და ყველა გარემოებას შეისწავლის. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი. როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ჩატარდება კონსულტაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. თუ იულია სუსლიაკი დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არა – უნდა გათავისუფლდეს. ბავშვების გადაყვანა უკრაინაში დღესვე იგეგმება“, – განაცხადა კულებამ.

6 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით იხელმძღვანელა და ბავშვების უკრაინული მხარისთვის გადაცემა გადაწყვიტა.

5 ივნისს ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია.

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის.

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო – “იმედინიუსი

იტვირთბა....