კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთიანი ქსელის შექმნის ინიციატივით მიმართავს. ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია, კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კომუნიკაციების კომისიისა და ევრო საბჭოს ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე – „მედიაწიგნიერება საქართველოში“ გააჟღერა.
ხათუნა ივანიშვილმა აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს დღეს გააცნო. კომისიის ინიციატივით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სამუშაო ფორმატი, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და მონაწილეობით, წელიწადში ორჯერ მსგავსი ტიპის შეხვედრებს უზრუნველყოფს. ასევე, კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობისთვის, მნიშვნელოვანია ერთიანი საკომუნიკაციო ონლაინ სივრცის შექმნა.
„გარდა ერთიანი ქსელისა, კომისიის ინიციატივაა შეიქმნას ეროვნული მნიშვნელობის ვებ-პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს და ყველა დაინტერესებულ პირს, მედიაწიგნიერბეის მიმართულებით ნებისმიერი უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და შესაბამის მასალებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც აქვს კომუნიკაციების კომისიას ეს არის ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული კვლევის ჩატარება მედიაწიგნიერების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი კვლევა ჩვენთან არ არსებობს, კომისია გთავაზობთ ერთობლივად ვიმუშაოთ ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რათა გვქონდეს სიღრმისეული კვლევა რა გამოწვევების წინაშე ვართ,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.
სწორედ ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებაა ევროპის საბჭოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მედიაწიგნიერების განვითარების თემაზე დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მედიაწიგნირების მიმართულებით, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
პროფესიული, ეთიკური, პლურალისტული და პასუხისმგებლიანი მედია გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანისა და ასევე, ინტერნეტ-სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ევრო საბჭო ორწლიან პროექტს „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში” ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა დღეს სამუშაო შეხვედრა “მედიაწიგნიერება საქართველოში”.