ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის პრობლემა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია. მისი განმარტებით, საქართველოდან გასავალი უფრო დიდია, ვიდრე შემოსავალი.
„გასულ წელს 7,7 პროცენტის ფარგლებში იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუ ჩვენ გვინდა, სტაბილურ ეკონომიკას მივაღწიოთ, მათ შორის ვალუტის ნაწილში, აუცილებელია, ვეცადოთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ეტაპობრივად 5 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიყვანოთ. ჩვენი განვითარების დონისთვის 5 პროცენტიანი მიღწევა ძალიან დიდი წარმატება იქნება და გაცილებით მეტ სტაბილურობას შექმნის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში აისახება.
„ლარის გაცვლით კურსს ჩვენთვის დიდი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, ხარჯების ნაწილში გავლენა აქვს და უფრო მეტი ხარჯის გაწევა გვიწევს, თუნდაც ვალების მომსახურების ნაწილში. ჯამში, ვალუტის ცვლილება დიდ გავლენას არ ახდენს, შემოსავლები და ხარჯები დაახლოებით ერთი და იმავე პროპორციით იზრდება. შესაბამისად, მას ბიუჯეტზე გავლენა არ აქვს. რაც შეეხება ეკონომიკაში მის გადასვლას, ეს ინფლაციაზე გავლენაა და ჩვენ ძირითადი აქცენტი ინფლაციაზე გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.