სრულ გაუგებრობაში ვართ, – ამის შესახებ “რუსთავი 2-თან” საუბრისას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარის საქციელი ადეკვატური არ არის.
„სრულ გაუგებრობაში ვართ, ეს პროცესი არ მოითხოვს მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტებზე საუბარს. სახელმწიფოსგან არის უამრავი ინსტრუმენტი, რითაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს, ანუ გააგებინოს საერთშორისო საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანი ყოველგვარ სტანდარტს არღვევს ურთიერთობის, რომ სასაზღვრო ზონაში ახორციელებს ამგვარ სამუშაოებს, რომ ეს არის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომ ამგვარი სამუშაოების წარმოება ამ ძეგლზე არ შეიძლება და ვანდალიზმია, არ შეიძლება ასევე მათი კანონმდებლობით შეიქმნა ამ მხარეს მუზეუმ ნაკრძალი, მუზეუმ ნაკრძალში როგორ შეიძლება ბულდოზერებით თხრა, თავის თავსაც ეწინააღმდეგებიან აზერბაიჯანელები ამ შემთხვევაში.
მე იმათი საკანონმდებლო დანაშაული არ მაინტერესებს, მაგრამ მე ჩვენს მხარეს ვიძახი, რომ ადეკვატური არ არის, არც საქციელია ადეკვატური და არც განცხადებებია ადეკვატური, რა თქმა უნდა,“- აცხადებს მამა კირიონი.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.
ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.
დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, შეხვედრას დღესაც გამართავენ.