„ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდებოდა გუშინ საღამოს, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია”,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.
“ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ არის დედის გინება, უხეში ქცევა, გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს, როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო-ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. იმიტომ რომ ძალიან უხეშად დაირღვა, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს დალუქული, უნდა იყოს ბოლო წუთში გადაცემული და ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციისა და “ევროპული საქართველოს” წევრები დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 5 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.
მირანდა მესხმა სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემაზე თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ცოტა ხანში განმარტა – ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა უკვე დატოვეს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომის და რეგისტრაციის ახალი ბეჭდების თბილისიდან ჩამოტანის შესახებ უცვლელია. ოპოზიცია საოლქო კომისიასთან ხვალ დილიდან ისევ შეიკრიბება.
მორიგი შოუსთვის სხდომას ვერ გავმართავ – ოლქის თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნაზე