ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მორიგი შოუსთვის სხდომას ვერ გავმართავ – ოლქის თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნაზე

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა არ დააკმაყოფილა კომისიის წევრების “ნაციონალური მოძრაობიდან” მაია გაწერელიას და “ევროპული საქართველოდან” ბაგრატ ქირიას განცხადება, სხდომის ჩანიშვნის შესახებ. მისი განმარტებით, ეს საკითხი სხდომაზე განხილვას არ ექვემდებარება. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ოლქის თავმჯდომარის მტკიცებით, მას სამაგიდო სიების უბნებზე გაცემით კანონი არ დაურღვევია. ამბობს, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი დღისა ეს სიები უბნებზე ნაწილდება. თუმცა რადგან ამ შემთხვევაში გაჩნდა კითხვები გამჭვირვალობასთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან დაკავშირებით, სიები უკან დააბრუნეს და დაითვალეს. მირანდა მესხის თქმით, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სიები ზოგადად არ ილუქება. დღეს რამდენიმე უბანს კი იმიტომ გადასცეს, რომ დიდი ოლქია და ყველგან მათი მიტანა ერთ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაც შეეხება ბეჭდებს, ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ბეჭდები არ მობრუნდება, რადგან ისინი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გასცეს.

“ბეჭდის მთლიანობა როცა დაირღვევა, ამას უბანზე ვნახავთ. ორი დღით ადრე რომ გავცე სიები, არც იმ დროს იმყოფება დაცვის პოლიცია უბანზე. 12 საათით ადრე შედის უბანზე. სიები ადგილზეა. გაცემულ ინვენტარზე პასუხს აგებს საუბნო საარჩევნო კომისია. გაცემული არ არის ბიულეტენების ბლოკნოტები. რა უნდა გაყალბდეს ხალხო, ორ დღეში არის არჩევნები კარს მომდგარი და მორიგი შოუსთვის სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავმართავ”, – აღნიშნა მირანდა მესხმა, რომელსაც დღეს რამდენჯერმე მოუწია სიებთან და ბეჭდებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.

მირანდა მესხმა სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემაზე თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ცოტა ხანში განმარტა – ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა უკვე დატოვეს.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომის და რეგისტრაციის ახალი ბეჭდების თბილისიდან ჩამოტანის შესახებ უცვლელია. ოპოზიცია საოლქო კომისიასთან ხვალ დილიდან ისევ შეიკრიბება.

იტვირთბა....