„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვნახეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მინდა გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ, გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი”
პრემიერი მამუკა ბახტაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას;
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.