“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების მონიტორინგისთვის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების საკომიტეტო მოსმენაზე მისვლაა საჭირო.
დეპუტატის თქმით, როგორც კი სოცმუშკების საკითხისადმი ყურადღება შესუსტდა, მათ მანქანები წაართვეს.
„სოციალურმა მუშაკებმა არაერთ კომიტეტზე მიიღეს დაპირება, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდებოდა. დღეს სოციალური მუშაკებისგან გვესმის, რომ მთელი რიგი საბაზო პრობლემები ჯერაც არ მოგვარებულა. როგორც სოცმუშაკები საუბრობენ, ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა მხოლოდ ორი კვირით, მერე ისინი დაივიწყეს და ისევ დადგნენ ამ პრობლემის წინაშე. მათ ჯერ კიდევ უწევთ იმ მძიმე პირობებში მუშაობა. იმისთვის, რომ მათი პირობები გაფიცვის დასრულების შემდეგ არ ყოფილიყო დავიწყებული, ჯანდაცვის კომიტეტს მოვთხოვეთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში მოსულიყვნენ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები. მათ კი კანონი დაარღვიეს, რადგან არ მოვიდნენ. ითხოვეს მაისის ბოლოს მოსვლა, რაც მათთვის კომფორტული იქნებოდა, რაც არის კანონდარღვევა. მინისტრები არ ირჩევენ როდის და რა ფორმატში მოვიდნენ პარლამენტში. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ პასუხები და არ სურთ ამ დაპირებების შესრულება. რაც მოვისმინეთ სოცმუშაკებისგან, როგორც კი ყურადღებას მიეფარა ეს საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს. ამას არანაირი ბიუროკრატია არ სჭირდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს ტელეფონი და ჯანდაცვის მინისტრს მოსთხოვოს პირობების შესრულება, თუ ვერ მოგყავს პარლამენტში. სწრაფად არის ეს საკითხები მოსაგვარებელი. ყოველი არგასული მანქანა არის ყოველი ადამიანის ტრაგედია. ამიტომ მე არ ვიზიარებ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, რომ მაისის ბოლომდე ველოდოთ მინისტრებს,” – განაცხადა ხოშტარიამ ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
სოციალური მუშაკების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო შეთანხმების პირობებს არღვევს.
როგორც სოცმუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრმა, მარიამ ბანძავამ „მეტრონომს“ განუცხადა, კვლავ პრობლემად რჩება ტრანსპორტირების, ჯანდაცვის კომიტეტს ფინანსთა მინისტრთან ერთად, სოციალური მუშაკების საკითხზე ჯერ კიდევ აპრილში უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე გადაიდო.
ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლას დაუყოვნებლივ მოითხოვს, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში მაისის ბოლოს მივა.