სოციალური მუშაკების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო შეთანხმების პირობებს არღვევს.
როგორც სოციალური მუშაკების პროფესიული კავშირის გამგეობის წევრმა, მარიამ ბანძავამ „მეტრონომს“ განუცხადა, კვლავ პრობლემად რჩება ტრანსპორტირების, ჯანდაცვის კომიტეტს ფინანსთა მინისტრთან ერთად, სოციალური მუშაკების საკითხზე ჯერ კიდევ აპრილში უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე გადაიდო.
„შეთანხმების მიხედვით, გაფიცვის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის კომიტეტში, ფინანსთა მინისტრთან ერთად, უნდა განეხილათ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოთხოვნის საჭიროება, ეს უნდა ყოფილიყო აპრილის თვეში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მინისტრის თხოვნით,გადაიდო ეს შეხვედრა. არ ვიცით, როდის ჩაინიშნება და რას აპირებენ, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მინისტრი თავს არიდებს საჯაროდ მოითხოვს ეს ყველაფერი და თავს არიდებს პრობლემების მოგვარების გზების ძიებას“, – ამბობს მარიამ ბანძავა.
მისივე თქმით, სოციალურ მუშაკებს გრძელვადიანი მოთხოვნებიც ჰქონდათ, თუმცა სამინისტროსა და სააგენტოს არც ამის გეგმა აქვთ.
“ჩვენ გვქონდა გრძელვადიანი მოთხოვნები, რასაც 1 და 2 დღე არ ეყოფოდა, მაგალითად: სერვისები, ინსტრუმენტები -სოციალური მუშაკებისთვის, სოციალური მუშაკების მიმართ არასათანადო მოპყრობის დასჯადობა, ზეგანაკვეთური სამუშაოს დარეგულირება, და ა.შ, მაგრამ ოფიციალურად, სამინისტროს გეგმა არ აქვს.
რაც შეეხება ტრანსპორტს, თბილისის სერვის ცენტრებთან იდგა ტრანსპორტი, მაგრამ შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაზე შეგვეძლო ტრანსპორტის გამოყენება და ის ტრანსპორტი რაც იდგა, სამწუხაროდ აღარ დგას. ყველა შემთხვევა გადაუდებელი ვერ იქნება და დანარჩენ შემთხვევებზე, სოციალური მუშაკები ისევ საკუთარი ხარჯებით დადიან. ასევე, აცხადებენ, რომ სოცმუშაკებს მუნიციპალიტეტის შეღავათი აქვთო… 20 თეთრად მგზავრობის შეღავათი სოციალურ მუშაკებს ადრეც ჰქონდათ, მაგრამ პრობლემა იყო და არის ის, რომ არის ბევრი ქუჩა, სადაც არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად – მუხიანის დაჩები, ავჭალის დასახლება, დიდი ლილო, პატარა ლილო და ბევრი ასეთი ტერიტორია, სადაც არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი, და ისევ საკუთარი ხარჯებით დადიან სოციალური მუშაკები. რეგიონებში კი მანქანები მხოლოდ სერვის ცენტრებთან დგას, სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში და რთულად მისადგომ ადგილებში ისევ საკუთარი ხარჯებით დადიან, თუ გადაუდებელი არაა შემთხვევა, მაგრამ ხომ არის მიმდინარე შემთხვევებიც“, – განაცხადა მარიამ ბანძავამ და დასძინა,რომ მართალია სოციალური მომსახურების სააგენტომ ჩამოაშორა სოცმუშაკებს იმ საქმეების შესრულების ვალდებულება, რაც მათ მოვალეობაში არ შედის, მაგრამ სააგენტო ახალ კადრებს არ ამატებს და ხშირად, პასუხისმგებელი პირები გაურკვეველია.
„სააგენტო არ ამატებს ახალ კადრებს პასუხისმგებელი პირები გაურკვეველია ხოლმე, ბევრ სერვისცენტრში და ისევ, რომ არ დაზარალდეს ბენეფიციარი, სოციალური მუშაკები ითავსებენ. ამასთანავე ფსიქოლოგი არ დაამატეს. დაგვპირდნენ, რომ თბილისს დაემატებოდა ერთი ფსიქოლოგი, ვაკანსია ხომ საჯაროა, ჯერ კიდევ ვ მარტში იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ვაკანსიაც არ ჩანს“, – განმარტავს ბანძავა.
რაც შეეხება შეკითხვას, აქვთ თუ არა სოციალურ მუშაკებს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და რას პასუხობენ უწყებაში, მარიამ ბანძავა გვეუბნება, რომ სამინისტროს არასერიოზული არგუმენტები აქვს.
„მომართვიანობა შემცირდა და მანქანები იმიტომ აღარ დგას სერვის ცენტრებთანო ამბობენ, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მომართვიანობა, უმეტესად იგივეა ან მომატებულია. ყურით მოთრეული, არასერიოზული მიზეზია, როცა თვითონ ელემენტარულ შეხვედრაზეც პირადი მანქანა ემსახურებათ, სოცმუშაკებს კი ეს მანქანები სჭირდებათ მოხუცების, ბავშვებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და არა საკუთარი თავისთვის. უკვე მივიწერეთ პარლამენტთან, რომ თუ სამინისტრო ისევ არ აიღებს პასუხისმგებლობას, მოვითხოვთ, სხვა ხელმძღვანელი პირების ჩართვას, რადგან ეს არ არის მხოლოდ სოცმუშკების შრომითი უფლებების დარღვევა, ეს არის ყველა ბენეფიციარის უფლების დარღვევა, ვისაც ვემსახურებით”როცა სოცმუშაკები ამბობენ, რომ ისევ არის საფრთხე – ვერ მომსახურების, როცა ამბობენ, რომ ამ პირობებში, ვერ წევენ სათანადო სერვისს, მეტი რა უნდა თქვან, მაგრამ სამინისტრო დუმს“, – განუცხადა “მეტრონომს” სოციალური მუშაკების პროფესიული კავშირის გამგეობის წევრმა, მარიამ ბანძავამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
მათ გაფიცვა 2 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკების შემდეგ შეწყვიტეს.
სამინისტროსთან შეთანხმება კონკრეტული საკითხებზე, მათ შორის იყო ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება.