ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბერძენიშვილი – აზერბაიჯანი რაღაც მომენტში შეახსნებს-ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას , რომ დავით-გარეჯის ტერიტორია მას ეკუთვნის

“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით პრობლემები არის ქვეყნის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული.

როგორც თოქ-შოუში “360 გრადუსი ბერძენიშვილმა განაცხადა, ქართულმა მხარემ რეალისტური შეთავაზება უნდა გაუკეთოს აზერბაიჯანს.

“ეს პრობლემა არის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული. ჩვენ არ გვაქვს დადგენილი საზღვრები აზერბაიჯანთან, ამდენი ხნის განმავლობაში არ გადაიდგა სათანადო ნაბიჯები. მახსოვს 2005-2006 წელს დაძაბული ვითარება იყო, მოვიწვიეთ საგარეო სამინისტროს წარმოამდგენლები, პარლამენტი და ვითარება იგივე იყო, არაფერი შეცვლილა არც 13-14 წლის შემდგომ.

ასე შეიქმნება ხოლმე პრობლემა, მერე ჩაცხრება.  არაფორმალურად, არადადგენილი წესებით, დროებითი შეთანხმებებით ქართული და აზერბაიჯანული მხარე აღწევს იმას, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად უშვებენ იქ მყოფ ტურისტებს, მომლოცველებსაც, სასულიერო პირებსაც და რაღაც მომენტში შეახსნებენ ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას , რომ ეს ტერიტორია მათ ეკუთვნით. ისინი ასე თვლიან. უამრავი ვერსია იყო, მათ შორის ტერიტორიის გაცვლის. ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლია, რომ ქართული მხრიდან რეალისტური შეთავაზება უნდა იყოს”, – აცხადებს ბერძენიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

როგორც არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.

„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.

შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს“, – განმარტა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ცოტა ხნის წინ კი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ჩაკეტილი პუნქტები გახსნა.

ამ თემაზე “მეტრონომს” ექსპერტი მამუკა არაშეძე ესაუბრა

იტვირთბა....