ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა არეშიძე:  დავით გარეჯის  შესახებ გავრცელებული ცნობა, დეზინფორმაციაა

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს არა უდაბნოს მონასტრის, არამედ ბერთუბნის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისას განმარტა, მართალია ბერთუბანიც საქართველოს ტერიტორიაა და ისტორიული ძეგლების ადგილია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს, მოსახლეობაში ფუჭ პანიკას თესავს, თანაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ასე ხშირად იქცევიან და მომხდარი პრეზიდენტის ვიზიტს არ უკავშირდება.

„ეს ინფორმაცია გავრცელდა პანიკის შესაქმნელად, არ არის უდაბნოს მონასტერში შესასვლელი გზა გადაკეტილი, ეს არის ბერთუბნის მონაკვეთი. როცა ამბობენ, რომ ეს არის უდაბნოს მონასტერი, მოსახლეობაში ფუჭ პანიკას თესავენ. ბერთუბნის მონაკვეთი საკმაოდ დაშორებულია უდაბნოს მონასტრიდან, ისიც საქართველოს ტერიტორიაა, ისიც უძველესი ისტორიული ძეგლების ადგილია, მაგრამ სიმართლე უნდა გავრცელდეს. ასეთი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ უშვებდნენ ქართველ მომლოცველებს და ახლაც მოხდა, სულ ხდება, განსაკუთრებით, გაზაფხულობით. თუცა მინდა სხვა რამ აღვნიშნო, საზღვრის დელიმიტაცია დემარკირების კომისია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში 1994 წლიდან მუშაობს, რბილად რომ ვთქვათ, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, იმიტომ კი არა, რომ მოღალატეები არიან, უბრალოდ ქართული ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებაა“, – განაცხადა  მამუკა არეშიძემ.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

როგორც არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.

„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.

შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს“, – განმარტა არქიმანდრიტმა კირიონმა.

იტვირთბა....