პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პანკისში განვითარებული მოვლენები სახელისუფლებო ინტრიგების შემცველი იყო.
როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა განუცხადა, ქვეყანასერიოზულ რისკს გადაურჩა.
“ეს იყო ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ქცევა. შექმნიან პრობლემას, ჩახტებიან ტყლაპოში და მერე ცდილობენ, თავიანთი შექმნილი პრობლემა წარმატებით გადაწყვიტონ. ზოგჯერ ამას ახერხებენ და ზოგჯერ ვერა. საბედნოეროდ, ამჯერად, სერიოზულ რისკს გადავრჩით. იმიტომ, რომ გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა კრიზიმენეჯმენტთან დაკავშირებით. თუმცა, პრობლემა ამით არ დახურულა. ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება. თუმცა, რისკი ოპერატიულად გადაიჭრა და ეს კარგია.
აქ მნიშვნელოვანი არაა ჰესის თემა. ჰესი მხოლოდ საბაბი იყო. არაა გამორიცხული, რომ ეს სახელისუფლებო ინტრიგისა და შიდა სახელისუფლებო თავების მარხვების სპეცოპერაცია გახდა. გაუგებრად მიმდინარეობდა პროცესები. ორ ადგილზე დაიძაბა სიტუაცია. მაშინ, როდესაც ეს თემა მარტივად გადასალახი იყო. გახარიას სწრაფი მოვლენები რომ არა, შეიძლება, სიტუაცია მძიმედ განვითარებულიყო. გახარია თავს იცავდა თუ სხვა რამე იყო, ეს უნდა გამოჩნდეს”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ეს და მსგავსი ფაქტები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ჩამოსაშორებლადაა დაგეგმილი.
“ხელისუფლებაში ქვედა დონეებზე ძალთა ბალანსი იცვლება და გახარია სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს ინტერესთა ჯგუფებისთვის. მოგეხსენებათ, გახარია არც ერთ ამ ინტერესთა ჯგუფის წევრი არ არის. სრულებით არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ფაქტები იქნას ან დაგეგმილი, ან შემდგომში გამოყენებული, რათა გახარია თავიდან მოიშორონ. ასეთი სურვილები ხელისუფლებაში რომ არსებობს, ეს აშკარაა. პანკისის მოვლენებს გარდა უსაფრთხოების განზომილებისა, აქვს შიდა სახელისუფლებო მამაძაღლობის განზომილებაც. ინტერესთა ჯგუფებისთვის დისკომფორტია, რომ გახარია ასეთი წარმატებულია. არავის არ უნდა წარმატებული თავის გვერდით. გახარიას შედარებითი ადეკვატურობა, “ქართული ოცნების” ელიტის გაღიზიანებას იწვევს. გახარიაზე უკეთესები არ შეუძლიათ გახდნენ. თუ არ შეგიძლია სხვას გაასწრო, ის შენს ქვევით უნდა ჩამოიყვანო”, – აცხადებს ხუახშვილი.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.