პანკისის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელი ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ ჰესის აშენების ბევრი მოწინააღმდეგე შეიცვლის აზრს.
როგორც გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” ხანგოშვილმა განაცხადა, რომ თუ ჰესი მაინც აშენდება, ხეობამ რაც შეიძლება დიდი სარგებელი უნდა ნახოს.
“ჩვენ პანკისელებმა კიდევ ერთხელ გავიარეთ დანის პირზზე. ეს იყო ძალიან სახიფათო და მძიმე საყურებელი. პირადად ჩემზე და მოსახლეობაზეც ძლიერი ზეგავლენა მოახდინა სამართალდამცავებთან შეჯახებამ. დრო უნდა სათანადო დასკვნის გაკეთებას, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის გაუცხოება მოხდა. პანკისის კრიზისის პერიოდიდან ვმუშაობდით და მივაღწიეთ იმას, რომ გაუცხოება გავანეიტრალეთ, ძმობასა და მეგობრობას დავუბრუნდით. ასეთი დაპირისპირება კი ცუდ შედეგს გამოიღებს. კონფლიქტის შემდეგ საკითხი ასე დადგება – ემხრობი ჰესის მშენებლობას, მაშინ ამ პროტესტში მონაწილე ხალხის წინააღმდეგი ხარ. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი მომხრე შეიცვლის აზრს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ არის სასურველი ამდენი ჰესის მშენებლობა. ყოველი ჩარევა ბუნებრივ პროცესში რაღაცა ზიანის მომტანია. თუმცა, ამავე დროს, ვიცოდით, რომ ასეთი მცირე გაბარიტების ჰესები იმდენად საშიში არ იყო. რაც მთავარია, ჩვენი განსჯის საგანი იყო არის თუ არა აქ სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენ გვინდა სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. თუ კი ელექტროენერგია აუცილებელია და სხვა ქვეყნის ელექტროენერგიაზე ვართ დამოკიდებულები, თანაც მტრულ სახელმწიფოსთან, თუ სახელმწიფოს ინტერესია და მაინც ააშენებენ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა ნახოს ხეობამ”, – განაცხადა ხანგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.