შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, პანკისში მცხოვრები ადამიანები გამოეხმაურნენ.
მათი განცხადებით, გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება.
ადგილობრივები ამ წუთებში სოფელ ბირკიანში არიან შეკრებილები და მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველთა რაოდენობამ მათი პროვოცირება გამოიწვია. მათივე თქმით, მთავრობის წევრებმა მოიტყუეს,როდესაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო.
„ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ, რომ თანახმა ვიყავით, ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს?გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი”, – აცხადებენ ადგილობრივები.
შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ თითოეულ კადრს გაანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კი, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.