ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე “რუსთავი 2-ზე” – მივახურე კი არა, კარი მივუხურე-თქო

მთაწმინდის ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მისი წარდგენის დროს მედიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

როგორც “მეტრნომს” კახაძემ განუცხადა, ის მედიას აღმერთებს და არც ბილწი სიტყვების ხმარება უყვარს.

“მედიას ვაღმერთებ და მედიის წინააღმდეგ როგორ გავაკეთებდი განცხადებას?! მედია სარკეა, დაცვა და იმუნიტეტია ადამიანის. მედია არის შემოქმედება, განვითარება, ორიენტაციაში მომხმარე, მედია არის საკუთარი თავის შეცნობაში დამხმარე. მედია არ უნდა იყოს დოგმატიური. ისე მოხდა, რომ ორმა ტელევიზიამ ზუსტად იდენტური კითხვა დამისვა. ერთს რომ ვუპასუხე, მერე მეორე კითხვა და იგივე ვუპასუხე. კი არ დამეზარა, ვუპასუხე, რა კითხვაც არ უნდა დამისვათ გიპასუხებთ-თქო. იმიტომ, რომ მე თავად ვსვამ კითხვებს, ექიმი ვარ და იმდენი უხერხული კითხვა დამისვამს პაციენტისთვის, რომ კითხვა არის დამხმარე.

თუმცა, პაციენტისგან რომ მიიღებ პასუხს ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მეორეჯერ და მესამეჯერ არ ვეკითხები იგივეს, მინდა სხვა თემაზე გადავიდე და არ გავახსენო რაღაცები. კი არ დავუწუნე, უბრალოდ, ჟურნალისტიკას, ყველაზე შემოქმედებით სფეროს არ უხდება, ზოგიერთებს გთხოვთ დოგმატიკიდან გამოხვიდეთ-თქო. რომ გამოვდიოდი, ეტყობა ემოციაა, გარშემო ბევრი ახლობელი მახლავს და ზოგს რომელიმე მაუწყებლობა არ მოწონს და ამბობენ, ასე და ისეო. მე ვუთხარი ხომ მივიხურე კარი-თქო. კარი მივუხურე-თქო. ბილწი სიტყვა არ მიყვარს. კარში ზოგჯერ უნდა შემოუშვა და ზოგჯერ არა, მე არ მითქვამს, რომ ჩავკეტე. კარი მიხურულია, დამთავრდა, ერთხელ ვუპასუხე, ორჯერ ვუპასუხე, ეს იყო. ალბათ, ემოციურად გამოვიდა. კარგია ეს ჟურნალისტური ხერხიც. მეუბნებიან მეგობრები და მირჩევენ ეს არ თქვა, ის არ თქვა. მე ვეუბნები, რასაც ფიქრობ ხომ უნდა თქვა? რასაც ვამბობდი 5-10 წლის წინ ტელევიზორში, იმას ვიმეორებ ახლაც, ეს ჩემში არ შეცვლილა”, – განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კახაძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, კახაძემ ტელეკამერების მიღმა გამოიყენა ფრაზა – „რუსთავი 2“-საც მივამხე“. 

იტვირთბა....