ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. კახაძის წარდგენისას შეკრებილებს სიტყვით პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

“ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი – ლადო კახაძე. ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლებათ ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი.

ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მთაწმინდა არის ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი. დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები”, – განაცხადა ბახტაძემ კახაძის წარდგენისას.

კალაძის განცხადებით კი, მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა აითვისონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ქართველი, თითოეული მთაწმინდელი, ამ ულამაზესი რაიონის ქუჩებში, შევქმნით ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიას, რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათა მკვლელ ომს, თუ სამოქალაქო დაპირისპირებას, ადგილი აღარ ექნება ტრიბუნიდან შუღლისკენ მოწოდებებს, ადგილი აღარ ექნება ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და სწორედ 9 აპრილის იდეალებით ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის საქმეს.

სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღსავსე, სიკეთის მთესველი ადამიანი გვყავს წარმოდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად. ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით.

სწორედ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულებაა ის, რაც ბოლო დროს ჩვენს ყოველდღიურობას და მით უმეტეს პოლიტიკას ძალიან აკლია. ამიტომ, მთაწმინდელებს დეპუტატობის კანდიდატად წარვუდგენთ თავის ქვეყანაზე და თავის ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. ბატონ ლადო კახაძეს. ბატონო ლადო, თქვენ იცით, რომ მთაწმინდაზე ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რადგან მის მდიდარ არქიტექტურულ და კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით არსებული პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოტენციალის ასათვისებლად და გასავითარებლად. მთაწმინდა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რაიონია და ჩვენ თქვენთან ერთად, მთაწმინდის ეკონომიკური პოტენციალი ბოლომდე უნდა ავითვისოთ, რაც არსებითად გაზრდის მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს”, – განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....