ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ყოფილმა თანაგუნდელებმა ასე კარგად იციან პიარი, მაშინ გამოეყენებინათ, როცა ჩვენს გუნდში იყვნენ” – მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ “ოცნების” ყოფილმა თანაგუნდელებმა ასე კარგად იციან პიარი, მაშინ გამოეყენებინათ, როცა ჩვენს გუნდში იყვნენ, მაგრამ ეტყობა, ინახავდნენ,

მისი თქმით, მათ კარგად იციან, გაურკვევლობის გამო მოხდა, რომ კენჭისყრის შედეგად დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენეს.

„ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ გაურკვევლობის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. კენჭისყრა დღეს კიდევ ერთხელ უნდა ჩავატაროთ, სადაც გაირკვევა მარტივი პოზიცია, რომ როცა ადამიანი გუნდიდან მიდის, თანამდებობას აღარ უნდა ჩამოებღაუჭოს, აღარ უნდა შექმნას ტექნიკური პრობლემები და ისე უნდა მოიქცეს, რომ არ გახადოს ტექნიკური დეტალი სალაპარაკო. არანაირი პრობლემა არ არის, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება დღესვე იყოს მიღებული, რაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ოპონენტებს ეგონათ, რომ სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობდით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როცა მმართველი გუნდის წევრი ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, შედგა იმ ცხრა დეპუტატთან შეხვედრა, რომლებმაც კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს.

„ცხრა დეპუტატთან შეხვედრა გვქონდა, რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება. მათ თქვეს, რომ პოზიცია დააფიქსირეს, მაგრამ არ აისახა. გარკვეული გაურკვევლობა იყო, ისეთივე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კანონპროექტზე მოხდა, რომელიც ჩავარდა. ასეთი გაურკვევლობის გამო კანონპროექტი ჩავარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხელმეორე კენჭისყრაზე გუნდის რეალური პოზიცია გამოჩნდება.

„კენჭისყრაზე გუნდის რეალურ პოზიციას ვნახავთ. მათი ეს ჟრიამული, მხოლოდ იმის გაგრძელებაა, რასაც ისედაც კადრულობენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან ვერ გადააყენეს, თუმცა კვაჭანტირაძემ თანამდებობა თავად დატოვა. მისი გადაყენებისთვის  76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო,  კენჭისყირის შედეგები კი ასეტია: 67 მომხრე, 8 წინააღმდეგი.

„ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან იმიტომ ვერ გადააყენეს, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

 

იტვირთბა....