“თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს ფული საერთოდ არ ჩაუდია.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ ეტაპზე სახელმწიფოს დახარჯული აქვს თუ არა თანხა ანაკლიის პორტზე და თუ აქვს, რამდენი, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობა არ გააჩნია, რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია.
„პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0. რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პროექტში სახელმწიფოს სხვა ვალდებულებებზეც საუბრობს.
„ახლა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ბანკები (ოპიკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი) ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას. საკითხი ასე არ დგას. ლაპარაკია ე.წ. ტრაფიკრისკზე, რაც ნიშნავს, რომ პორტის აშენების დროს სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაყვანილი რკინიგზა და გზა (პორტი სხვა ინფრასტრუქტურისგან განცალკევებულად არ მუშაობს). სამწუხაროდ, შარშან სამჯერ ან ოთხჯერ ჩავარდა ინფრასტრუქტურის პროექტირების ტენდერი.
ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ამიტომ ამბობენ, თუ ჩვენ ამ რისკს ვიღებთ, თქვენ აიღეთ ვალდებულება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ რისკებზეო. ლაპარაკია მხოლოდ პროცენტის დაფინანსებაზე და არა მთლიანად 400 მილიონზე. მეორე მხრივ, ყველა კვლევის მიხედვით, ტვირთი იმაზე მეტია, ვიდრე პირველ ფაზას სჭირდება. უბრალოდ, ლაპარაკია პირველ ორ-სამ წელიწადზე, სანამ ბაზარზე ყველაფერი დალაგდება. სწორედ ამას ითხოვენ ბანკები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.