საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ “შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, “მეტრონომი” საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინათინ ხიდაშელს დაუკავშირდა. მისი თქმით, სააკაშვილის შეხედულებები და აზრები მისთვის ნულოვანი მნიშვნელობისაა.
“სააკაშვილი ერთი უბედური, ორი ქვეყნის მიერ გასამართლებულ ძებნილი კაცია, რომელიც ეროვნული გმირის პოტენციალიდან მოქალაქეობადაკარგულ ძებნილამდე ჩამოლაბორანტდა. ამიტომ მისი შეფასებები, აზრები, ხედვები ნულოვანი მნიშვნელობისაა ჩემთვის. თუმცა, თუ მაინცდამაინც ამ კონტექსტში უნდა პასუხი, სიმართლე ის არის, რომ მის მიერ ერთხელ მოკლული ქვეყანა უსუფაშვილმა რეანიმაციაში ჟანგბადზე შეაერთა და მეორე სიცოცხლის შანსი მისცა, რომელიც ბიძინამ მორიგ ჯერზე, ზუსტად მიშას დარად ჩაჭრა” – განუცხადა ხიდაშელმა “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “უსუფაშვილის ტიპის ხალხი პასუხისმგებელია ქართული სახელმწიფოს მკვლელობაზე”.