მთავარი პოლიტიკა

რატომ სვამენ ტოლობის ნიშანს ხაზარაძესა და ანაკლიას შორის – გია აბაშიძის ინტერვიუ “მეტრონომთან” 

„მკვეთრად ვემიჯნები მოსაზრებებს, თითქოს, მამუკა ხაზარაძეს და ანაკლიის პორტს შორის ტოლობის ნიშანი არსებობს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია და ის კონკრეტულად არავის, არცერთი სახელისა და გვარის საკუთრება არაა.

– ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს შეუშლის ანაკლიის პორტის მშენებლობას?

– მე მკვეთრად ვემიჯნები მოსაზრებებს, თითქოს, მამუკა ხაზარაძეს და ანაკლიის პორტს შორის ტოლობის ნიშანი არსებობს. ეს არის ტყუილი, მამუკა ხაზარაძე ცალკე პიროვნებაა და მისი, ფულის რეცხვასთან დაკავშირებული პრობლემა – ეროვნულ ბანკთან და პროკურატურასთან, ცალკე გასარკვევია, მაგრამ რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არაერთ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმ ადამიანთა პროგნოზებს, რომელთათვისაც ტოლობის ნიშანია მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პორტს შორის. ანაკლიის პორტი არავისია, გვარით და სახელით, ეს არის საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება და ის ნარატივი, რომელიც “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებულ ტელევიზიაში, მის სატელიტურ NGO-ებში თუ ექსპერტებში ჟღერდება, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საერთაშორისო ექსპერტების და ანალიტიკოსების დასკვნები და შეხედულებები. ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ ვერანაირ შემაშფოთებელ ცნობას საზღვარგარეთიდან, რომ ანაკლიის პორტს საფრთხე ემუქრება.

– „თიბისი ჯგუფის” წარმომადგენლებს კონდოლიზა რაისი შეხვდა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ანაკლიის პორტი სწორედ “თიბისისთან” ასოცირდება?

– ბუნებრივია, ისინი გააცნობდნენ მოვლენებს, არ ვიცი, რაზე იყო საუბარი. კონდოლიზა რაისი ახლა ანალიტიკოსის და მეცნიერის ამპლუაშია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამერიკელთა, ევროპელთა დიდი მხარდაჭერა. ანაკლიის კონსორციუმში საერთაშორისო კაპიტალია ჩადებული, ამიტომ რისკი არ არსებობს და ესაა მორიგი ყალბი მოლოდინების შექმნა, რაც ახასიათებს “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს.

– მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერები აპელირებენ, რომ მის საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ?

– ვერ გეტყვით, არ ვიცნობ დეტალებს, თუმცა „სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო სიუჟეტში ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძეს და ზუსტად „თიბისის“ მიუძღვის გარკვეული ბრალეულობა, ბანკი „კონსტანტას“ გაკოტრებაში და მათი პატრონებისთვის აქციების წართმევაში, ლებანიძეების ოჯახმა ვერ ნახა სამართალი დღემდე, მიუხედავად, ხელისუფლების ცვლილებისა და ეს კიდევ ბადებს შეკითხვას, ნამდვილად ასეთი პატიოსანი და კარგი მოთამაშეა მამუკა ხაზარაძე, როცა ის დადასტურებულად შემჩნეულია ბანკი „კონსტანტას“ გაკოტრებასა და მიტაცებაში?

–  შეიძლება თუ არა, ხაზარაზის საქმეს ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული და რატომ დაიწყო სამართლებრივი პროცესი 10 წლის შემდეგ?

–  ეს პროკურატურის კომპეტენცია, მათგან მოვისმინეთ, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გასვლია ამ საქმეს, შესაძლოა, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება იყო საჭირო. არ ვიცნობ საქმეს ასე კარგად, დადასტურებულად რომ გიპასუხოთ, სხვებისგან განსხვავებით. ბევრს არ აქვს წაკითხული საქმე და მხოლოდ სპეკულაციებითაა დაკავებული. მე ვერ დავკავდები პოლიტიკური სპეკულაციებით, ცხადია, მაინტერესებს ეს საქმე და ვადევნებ თვალყურს, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როცა დამნაშავე თუ უდანაშაულო ადამიანი ყოველთვის ეძებს პოლიტიკურ სარჩულს გამართლებისთვის და არ გამიკვირდება ასეთი ნარატივების წარმოჩენა.

იტვირთბა....