ბანკები ეკონომიკა მთავარი

“არ დავთმობთ ჩვენ საქმეს, არ შევეგუებით უსამართლობას”

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„უკვე რვა თვის განმავლობაში, „თი-ბი-სი“-ს, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა. სებიითხოვს, ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა. თიბისელების გუნდი 10 000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს.

დღეს „თი-ბი-სი“, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია „დენტოსმა“ (DENTONS) შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თი-ბი-სი“-ს და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.

კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის“,- აღნიშნულია ხაზარაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

იტვირთბა....