ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.
ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა ორთვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. „თი-ბი-სი ბანკი“ ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული „თიბისი ბანკზე“.
„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც „თიბისი ბანკის“ შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.