ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება” – კალაძე წყნეთში მომხდარ ავარიაზე

თბილისის მერი კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გამოვეხმაურო წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კახა კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება.

„90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც კომპანია MAN-მა გაიმარჯვა. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. უახლოეს მომავალში კი დამატებით, 90 ერთეული შემოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაგეგმილი. ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე დამზადებულია და რამდენიმე დღეში, თბილისში შემოვა. ეს არის ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსი, რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერები იმისთვის, რომ ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული. გათვალისწინებულია ასევე, შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საქალაქო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....