თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმების ოჯახი მათი სახლის ქურდების უმოკლეს ვადაში გამოვლენას ითხოვს.
რადიო “მოზაიკა” ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლეს ესაუბრა. როგორც ლანა ზუბაშვილმა გვითხრა, თანხა 4 ჩანთიდანაა მოპარული. პირადად მისი საფულიდან კი 250 ლარია წაღებული.
“როდესაც ტაძარში გადავასვენეთ ჩვენი ორ-ორი მიცვალებული, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა ქურდობა. დარბაზიდან სახლში დაბრუნებისას, ოჯახის 4 წევრის ჩანთა იყო გახსნილი და თანხა ამოღებული. თანხაზე არ გვაქვს აქ საუბარი, სულ რომ მილიონები წაეღოთ არ ვისაუბრებდით. უბრალოდ ვითხოვთ გამოავლინონ, ვინ იყო ის, ვინც ამ გამწარებულ ოჯახს ასეთი რამე გაუკეთა და უარესად გაგვამწარა. მარტო ჩემი ჩანთიდან 250 ლარია მოპარული ან ცოტა მეტი. ისეთი გამწარებული ვიყავი, არც მიფიქრია ჩანთა სად მედო და რა მედო შიგ. ეგ ფულიც არ გვინდოდა, ისე ვაჩუქებდით რომ ეთქვათ. არანაირი ვალი არავისთან გვქონია. ეჭვიც ვერავისზე მიგვაქვს. ასე ხელის დადებით, ვერავისზე ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი, აქ იმდენი ხალხი მიდიოდა და მოდიოდა, მაგას ვინ შეამჩნდევდა. ჩანთები ეგრევე იდო, ერთი საწოლზე დანარჩენები კომოდში, გარდერობში. მთელი ეს დღეები, ასე იყო ეს ჩანთები, ალბათ ვინმემ შეამჩნია და დრო იხელთა. არ ვიცი, ამ ეტაპზე ვერაფერზე ვფიქრობ”, – ამბობს ლანა ზუბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს”, – ინფორმაცია ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” მიაწოდეს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე