უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის დაძაბულობის ფონზე, კიმ ჩენ ინმა რუსეთის სამხედრო დახმარების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვები რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვას, ასევე KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის მორიგი პარტიის მიწოდების შეჩერებას მოიცავს.
უკრაინის დაზვერვა დაძაბულობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს, ოქტომბრის განცხადებას უკავშირებს, როცა მან განაცხადა, რომ მოსკოვი სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების დეესკალაციას შეუწყობდა ხელს.
უკრაინული მხარის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო სონ ჰუეიმ ეს განცხადება მოკავშირეობრივ შეთანხმებებთან შეუსაბამოდ შეაფასა და სამხრეთ კორეასთან რუსეთის პოლიტიკაზე განმარტებები მოითხოვა.
ამავე ინფორმაციით, ფხენიანი აყოვნებს რუსეთის მოთხოვნის შესრულებასაც, რომელიც მის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეელი სამხედროების რაოდენობის 8 500-დან 50 000-მდე გაზრდას ეხება. ამასთან, ჩრდილოკორეული დანაყოფები კურსკის ოლქში რჩებიან, ხოლო ვორონეჟის ოლქში განლაგებულ სარაკეტო დანაყოფს რუსეთი უკრაინაზე დარტყმებისთვის კვლავ იყენებს.

