სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც სურსათს აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს.
„ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ინფორმაცა გავრცელდა, რომ ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან და 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება, გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.