ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა, ჯეკ შეფარდის საქმესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

პროკურატურა, ჯეკ შეფარდის საქმესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მის მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდეს. იმ შემთხვევაში, თუ მას სურს ამ უფლებით სარგებლობა, თანხმობა უნდა გამოხატოს სასამართლოს წინაშე.

“ამასთან, გამარტივებული პროცედურების გამოყენებით მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემის თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის პოზიციის დასადგენად პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობით ბრალდების მხარე ითხოვს არა პირის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას, არამედ მხოლოდ შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა გამოხატოს საკუთარი პოზიცია – ეთანხმება თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას.

ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 29 იანვარს სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა ჯ. შეფერდს მოსამართლის წინაშე გამოეხატა პოზიცია – სურდა თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. მას შემდეგ, რაც ჯ. შეფერდმა სასამართლო პროცესზე გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მომავალში, ბრიტანული მხარისათვის მისი გადაცემა სტანდარტული პროცედურით წარიმართება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადიციო მასალების 40 დღის ვადაში მიღებისა და შესწავლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ძებნილი პირის მის მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც შესაძლებელია ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით.

დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც შესაბამის უცხო სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

29 იანვარს გამართულ სასამართლო პროცეზე ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე.

დაკავებულის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, შეფარდმა ქართული ციხე აირჩია, რადგან ბრიტანეთში მას საფრთხე ემუქრება.

ჯეკ შეფარდის ბრიტანულმა სასამართლომ დაუსწრებლად, 6 წლიანი პატიმრობა, გოგონას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის გამო მიუსაჯა.

23 იანვარს, BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი საქართველოში იმალებოდა, რის შემდეგაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა,  რომ ქართველი სამართალდამცველები ჯეკ შეპარდს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

უწყების ინფორმაციით, მათ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავეეს. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს, ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, შეფერდი კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა და შემთხვევას 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 

იტვირთბა....