ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაია პატარაია: საქართველოში აზერბაიჯანელი გოგონების გატაცება ძალიან ხშირია

“აზერბაიჯანელი გოგონების გატაცება საქართველოში ძალიან ხშირია, იმიტომ, რომ მომხდარის გამოძიება არ ხდება”, – ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ სოფელ იორმუღანლოდან გოგონას გატაცების შემდეგ განაცხადა.

როგორც პატარაიამ “მეტრონომს” განუცხადა, არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, პატარა გოგონები კი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

“აზერბაიჯანელი გოგონების გატაცება საქართველოში ძალიან ხშირია, უშუალოდ, ეს ჯგუფი არის მოწყვლადი. დანარჩენ საქართვლოში, მეტ-ნაკლებად, ეს პრობლემა მოგვარებულია და სისტემატიურ ხასიათს არ ატარებს, მაგრამ ამ თემში ხშირია იმიტომ, რომ შემდეგ გამოძიება არ ხდება, გოგონას რამდენიმე დღით იტაცებენ, მანამ სანამ, ოჯახები არ მოილაპარაკებენ ან ამ გოგონას არ დაარწმუნებენ, რომ არ იჩივლოს, მერე კი ფორმდება ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ მანამადე მშობლები ეძებდნენ. დანაშაული მაშინვე დამთავრებულია, როცა გატაცებას ჩაიდენ, შემდეგ ამას ვერ იძიებენ, ვერ პოულობენ დიდი ხნის განმავლობაში და როცა გოგონა დიდი ხანია გამტაცებელთან, მაშინ უფრო დიდი შანსია, რომ პატარა გოგონებზე იყოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, ხანდახან სახეზეა გაუპატიურება იმ მიზნით, რომ იფიქროს, მე მაინც ვეღარ გავთხოვდები, ქალწულობის პრობლემაც იქმნება და გოგონა იძულებულია, დარჩეს ქორწინებაში. ​არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, იმედი აქვს გამტაცებელს, რომ მის დანაშაულს არასოდეს გამოიძიებენ. გვახსოვს შემთხვევები, როცა გოგო გამოჩნდა და თქვა, რომ ნებით გაჰყვა და ამ საკითხზე აღარ აღიძრა საქმე. სახელმწიფოს პრობლემა ისაა, რომ ცრუ ჩვენებების საფუძველზე, ფუჩეჩდება საქმე, თითქოს ვერ შეაგროვეს საკმარისი ინფორმაცია”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

შეგახსენებთ, სოფელ იორმუღანლოდან 18 წლის გოგო 2 დღის წინ დაიკარგა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გოგონა იპოვნეს და ოჯახში დააბრუნეს.

ბიჭი კი, ვისთან ერთადაც გოგონა იმყოფებოდა, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

 

იტვირთბა....