ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულიად მოგებულია თავად ქალბატონი ბესელია”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, “პირადი ცხოვრების შესახებ მასალის სავარაუდო გავრცელებაზე ინფორმაციის გავრცელებით და ქალბატონი ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულიად მოგებულია თავად ქალბატონი ბესელია”.

“ვაცნობიერებ, რომ ჩემი ამ პირადი საჯარო ვარაუდის გამო, ზოგიერთნი ისევ “დამწვავენ კოცონზე:

არაერთგზის ვთქვი აქაც და რამდენიმე მედია-საშუალებაში – პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია! მსგავსის გაფიქრება არავის უნდა მოუვიდეს თავში და პრევენციაში სამართალდამცველთა როლი უმნიშვნელოვანესია!

კარგია, რომ გამოძიება პირად ცხოვრებაზე ფარული ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებაზე მალევე დაიწყო. დაველოდოთ შედეგებს.

კარგია, რომ ჩვენი საზოგადოება ერთსულოვანია ასეთი ამაზრზენი ფაქტების მიუღებლობაში.

დღეს, რამდენჯერმე შემეკითხნენ თუ ვის ინტერესებში უნდა ყოფილიყო ამ ჩანაწერების გავრცელება იმ დროს, როცა ჯერ ერთი, საზოგადოება ამ მარაზმს ერთსულოვნად გმობს და მეორე, რა აზრი აქვს ამის სავარაუდო გავრცელებას, თუკი თავად ამ გამავრცელებელს და მის უკან მდგომთ გაანადგურებს?

ვიმეორებ ეს ჩემი პირადი ვარაუდია, არც “შეკვეთილი” და არც ე.წ. ვაკის პარკის სანდო წყაროს მიერ მოწოდებული. გადავხედე რა ფაქტებს, მოსაზრებებს, გამოხმაურებას. მიმაჩნია, საჯაროდ ვმსჯელობ, რომ პირადი ცხოვრების შესახებ მასალის სავარაუდო გავრცელებაზე ინფორმაციის გავრცელებით და ქალბატონი ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულიად მოგებულია თავად ქალბატონი ბესელია. დღეს, მას უკვე მორალური უპირატესობა აქვს, რადგან ყველა ნორმალურ ადამიანში სოლიდარობა გააჩინა. ასეთი ტიპის ვიდეოებს ეს ქვეყანა 2-3 წლის გამოშვებით პერიოდულად არჩევს და არ იმახსოვრებს, რომ უკვე გაარჩია. ამ გარჩევების ერთ-ერთ ეპიზოდზე, თუ არ ვცდები, 8 კაცი დაიჭირა ‘ოცნებამ’ და ეს ხალხი დღეს ციხეშია.

100:0 წაგებული ორი რაუნდის შემდეგ, ხმის გავრცელება იმაზე, რომ ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს [მხოლოდ ხმა გავრცელდა, თორემ სოცქსელში ამ ვიდეოს მნახველი, მგონი მარტო დეპუტატი ჭიჭინაძეა, რომელსაც, ეჭვი მაქვს, world wide web-თან მოკრძალებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს], ეკა ბესელიასთვის ერთადერთი გამოსავალი იყო. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ მსხვერპლად გადაქცევა თვითონ “მსხვერპლის” პროექტია.

მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, ‘პიარულად’ გაავაანალიზე თუ ვინ არიან მოგებულნი და ვინ წაგებულნი. თუმცა, დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს, რომლის უტყუარობაში არავის უნდა შეგვეპაროს ეჭვი. ეს სამართალდამცველთა პრესტიჟის საკითხია…” – წერს გია აბაშიძე.

შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა  სამინისტრო მოახდენს.

განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც, რომელიც შინაგან საქმეთ მინისტრს დაუყოვნებლივ რეაგირებას თხოვს.

იტვირთბა....