“ქართული ოცნების” წევრი კარლო კოპალიანი ინიციატივით გამოდის, რომ პოეტ ლადო ასათიანის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინიდს პანთეონში გადაასვენონ.
როგორც კარლო კოპანიანმა განაცხადა, ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ შემდგარმა ჯგუფმა პოეტის ნეშტის გადასვენების თაობაზე მიმართვა გაუგზავნა პრემიერს, თუმცა საკითხი ამ დრომდე გაჩერებულია. ინფორმაციას ინეტრპრესნიუსი ავრცელებს.
„2006 წლიდან მიმდინარეობს ამ საკითხზე საუბარი. გვინდოდა, პოეტის 100 წლის საიუბილეო საღამო გაგვეკეთებინა, გამოგვეშვა მისი საიუბილეო კრებული, გვინდოდა გვესაუბრა მისი ნეშტის დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადასვენების თაობაზე და პოეტის ძეგლის დადგმა თბილისში, რომელიც უკვე 20 წელია მზად არის. ნეშტის გადასვენების თაობაზე ცნობილი მეცნიერები, მწერლები, ისტორიკოსები მიმართვას აწერდნენ ხელს, რომელიც გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. კვირიკაშვილმა საკითხი დააწერა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, გიორგაძემ კი ქალაქის იმდროინდელ მერს დავით ნარმანიას. ამის თაობაზე დავით ნარმანიასთან საქმიანი შეხვედრა გვქონდა, თითქოს ეს საკითხი დაიძრა, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ვხედავთ, გაჩერდა. ათასი ბიოროკრატიული ბარიერია ა.შ. ვინც ლადო ასათიანის შემოქმედება იცის და პატრიოტია, არმგონია არ მოსწონდეს ლადო ასათიანის შემოქმედება და წინააღმდეგი იყოს, რომ პოეტის ნეშტმა განისვენოს ნიკოლოზ ბარათაშვილის გვერდით. ეს იქნება სიმბოლური“, – განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა.