პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული უწყვეტი აქციები, საყვარელი მწერალი და მისი ცნობილი ლექსის ისტორია – “მეტრონომმა” მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერთან ნიკოლოზ მაჭუტაძესთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
მეტრონომი: რომელ წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: გუშინ დავასრულე სავსებით განსაკუთრებული მოაზროვნის, ბრიტანელი ფილოსოფოსის, ლოგიკოსის და მათემატიკოსის ბერტრან რასელის “ახალი დროის ფილოსოფია”, რომელიც არის დიდებული ესეების კრებული. გვთავაზობს ხელახალ გადამუშავებას ისეთი საკითხების, როგორებიცაა იტალიური აღორძინება, მაკიაველი, რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია, ფრენსის ბეკონი, ლოკის პოლიტიკური ფილოსოფია და მისთ. რასელი უნიკალური მოაზროვნეა და ამ და სხვა საკითხებზე გვთავაზობს იმგვარ განსაკუთრებულ თვალსაზრისს, რომელიც ამხელს იმგვარ შინაარსებს და ცოდნას, რაც აქამდე დაფარული, შეუმჩნეველი იყო;
მეტრონომი: მოგიწევიათ თუ არა მარიხუანა?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: დიახ, მომიწევია. ისეთი მწირი პერიოდულობით, რომ პერიოდულობაც აღარ ეთქმის;
მეტრონომი: უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ბიუჯეტიდან?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: არსებული კონსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ეკლესიის დაფინანსებას. ჩვენს კონსტიტუციას უამრავი ნაკლი აქვს. მათ შორის, კონსესუსის არარსებობა. ესეც უნდა იყოს კონსესუსის საკითხი, შეთანხმების საკითხი;
მეტრონომი: რას ფიქრობთ პარლამენტში არსებულ მუდმივ ხელჩართულ ჩხუბსა და ლანძღვა-გინებაზე?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს არ ჰყავს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ელიტა, არ არსებობს და არ მიმდინარეობს პოლიტიკა, როგორც ასეთი. ეს უფრო ანტიპოლიტიკაა, სადაც არ არსებობს ცნებები, კატეგორიები, სადაც იდეების ჭიდილი არ არის. სადაც ყოველდღიურად მარცხდება ჩვენი კულტურა და პოლიტიკური ტრადიციების აღდგენის შანსი, სადაც მარცხდება პარლამენტარიზმი თავისი ეთიკითა და რეპუტაციით. გულისამრევია;
მეტრონომი: ემხრობით მარიხუანას დეკრიმინალიზაციას?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: დიახ, ვემხრობი. კულტურის გავრცელების, ცოდნის გავრცელების პარალელურად. ერთგვარი მომზადებით;
მეტრონომი: ვინ არის ყველაზე ლამაზი ქართველი პოლიტიკოსი ქალი?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: ყველანი ლამაზები არიან;
მეტრონომი: ვინ არის ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: ამბობენ, კათალიკოს-პატრიარქიო. თუმცა, დღეს საქართველოში ებრძვიან ავტორიტეტებს. მათი დასამარება უნდათ. ერთი მდიდარი კაცი საშინლად ეჭვიანობს ყველა ავტორიტეტზე;
მეტრონომი: გაერთიანებულმა ოპოზიციამ უწყვეტი აქციები დააანონსა, მაგრამ აქციები არ გამართულა. რას აპირებს ოპოზიცია და რატომ არ იმართება აქციები?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: ჩემთვის მთავარია შეუგუებლობა, ყოველდღიურობა ჩვენს ბრძოლაში. ერთგვარი პოლიტიკური ნონ-კონფორმიზმი. პოლიტიკის, მოქალაქეობის ისე განხორციელება და ისეთი გაგება, როგორსაც, მაგალითად, ფიხტეანური გაგება ჰქვია – ვერ დავიბადებით მოქალაქეებად. მოქალაქეებად ყოვლედღიურად თავიდან უნდა ვიქმნეთ. ილია ჭავჭავაძის გაგებაც ეს არის, როდესაც ამბობდა: “ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე…” ასეა პოლიტიკაც, რომელიც მსახურება და დაცვაა უპირველესად. ადამიანების და იდეების;
მეტრონომი: თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა საარსებო მინიმუმი და პენსია მოქალაქისთვის?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: სავსებით არასაკმარისია. სავსებით. არათუ საკმარისი, არამედ დამამცირებელიც კია;
მეტრონომი: თქვენი ლექსის ისტორია რომ მოგვიყვეთ. ყველასთვის ცნობილ კადრებზე გეკითხებით, როდესაც აქციაზე შეკრებილ ხალხს ლექსით მიმართეთ..
ნიკოლოზ მაჭუტაძე: ვარდების რევოლუციის მიმდინარეობისას დამოუკიდებლად მივედი იქ, სადაც იყო შეკრება და გამოვედი სიტყვით. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ გამოსვლიდან. ვრცელი “სპიჩი” იყო;
მეტრონომი: პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს როგორ შეაფასებდით?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: თავისუფლების იმგვარი ინტერპრეტაცია იყო, რომელსაც ატარებს კონსერვატიული ელემენტი ყველგან. არა მეინსტრიმი კონსერვატიზმში, არამედ რაღაც სეგმენტი. სავსებით ლეგიტიმური წაკითხვაა ამ სიტყვის თუ ცნების;
მეტრონომი: რა ჟანრის მუსიკას უსმენთ და კონკრეტულად ვის?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: სხვადასხვა ჟანრს, თავისთავად ცხადია. უპირველესად, მაინც სიმფონიურ ე.წ. კლასიკურ მუსიკას. განსაკუთრებით ვაგნერს. ასევე, ვერდის, პუჩინის, როსინის საოპერო ნაწარმოებებს. ვგიჟდები ბიზეს “კარმენზე”, განსაკუთრებით “არია ჰაბანერაზე”. ასევე, ძალიან მიყვარს მორის რაველი, დებიუსი, მესიანი, სტრავინსკი, ხაჩატურიანი. ჯაზი კი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია – მაილს დევისი იგივეა, რაც ნიკოლოზ ბარათაშვილი. აქვე ფოლკლორიც. ჩვენი ჯაზი. მისი ერთგვარი წინაპარი – კრიმანჭულის სტილი. ხასანბეგურა, სადაც ინტერპრეტაცია, იმპროვიზაცია, თავისუფლება არის ჩვეულება. სადაც თავისუფლება, მრავალფეროვნება, კოჰაბიტაცია არის ტრადიცია და ამაზე მეტყველებს თითოეული ბგერა, თითოეული გადასვლა, ყველაფერი. კონტრაპუნქტი უპირველესად;
მეტრონომი: მიხეილ სააკაშვილი რა როლს თამაშობს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ეს მოსწონს ვინმეს, თუ არ მოსწონს. ტონის მიმცემია, ლეიტმოტივიც არის და ერთგვარი პასიონარიც, რომელსაც უამრავი ადამიანი უჭერს მხარს და ამასთანავე, აქვს ისტორიული ნიშნულიც;
მეტრონომი: კახა კალაძემ განაცხადა იმ ქვეყნის დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე რომ გადაატრიალებსო – როგორ შეაფასებდით ამ განცხახდებას?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: უკულტურო თქმა არის. თან პლაგიატი. ედუარდ შევარდნაძის უსუსური და ტრაგიკული პაროდია;
მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: აკრძალვების უდიდეს ნაწილს ავკრძალავდი უწინარესად და რუსული პროპაგანდის საშუალებებს პირწმინდად;
მეტრონომი: თბილისში ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: გალაკტიონის გამახსენდა: შემდეგ არაა არსად ახალი ცა – ოკეანე, მთვარე – ნაფოტი, თბილისი ჩემთვის არის მაღალი გილიოტინა და ეშაფოტი. ეს ხუმრობით, მაგრამ საცობები და ეს ველური მშენებლობები სავსებით მიკარგავს ყველა ხალისს. ეს სპობს სივრცეს ადამიანებისთვის, ცხოვრებისთვის ჩვენს ქალაქში. ეს ნაცრისფერი გამყინვარება, რომელმაც ლამის სრულად მოიცვა და წაშალა ყველაფერი. იერსახე, ინდივიდუალიზმი, სიმწვანე, პანორამა, სივრცე, ენდემურობა. ყველაფერი;
მეტრონომი: არის თუ არა დღეს ქალთა უფლებები დაცული?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: არ არის დაცული სათანადოდ. არც არავის უფლებებია დაცული;
მეტრონომი: რომელია თქვენი საყვარელი ქართველი და უცხოელი მწერალი?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: გაერთიანება გამიჭირდება. მოდით, შვიდეულებს გეტყვით: დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, რეზო ჭეიშვილი, ოთარ ჩხეიძე, ოთარ ჭილაძე. დავამატებდი თანამედროვეებს: გურამ დოჩანაშვილი, როსტომ ჩხეიძე, მიხეილ ანთაძე, აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე. უცხოელთაგან – სერვანტესი, ჯეიმზ ჯოისი, თომას მანი, დიუმა, უმბერტო ეკო, ჰემინგუეი, ლუიჯი პირანდელო. ბევრი, ბევრი. ცნობიერების ნაკადით მოდის სახელები და მათი ტექსტები.
მეტრონომი: რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში უამრავი ადამიანია გაჭირვებული?
ნიკოლოზ მაჭუტაძე: პოლიტიკის არარსებობა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი;