დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, ანუ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპია. როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაცივებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს, ამ კითხვით „სეუ კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელს, ინგა მამუჩიშვილს მივმართეთ, რომელმაც გრიპის პირველად სიმპტომებთან ერთად, მის გართულებებზე და პრევენციაზეც ისაუბრა.
„როდესაც პაციენტს ცხვირიდან გამონადენი, წამოხველება, ან სხვა რესპირაციული სიმპტომები უვლინდება, დედიკოები იწყებენ იმით, რომ მათ შვილს გრიპი აქვს, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას. გრიპი ეს ის ვირუსია, რომელიც ბოლო 10 დღეა ინტენსიურად ვრცელდება, რასაც უკავშირდება მომართვიანობის მკვეთრი გაზრდა, ტელეფონის უწყვეტი ზარები, პანიკა მოსახლეობაში, რომელიც ჯერჯერობით აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.
უეცარი დაწყება, შემცივნება და მის ფონზე განვითარებული ჰექტიური ცხელება, თავის ტკივილი, ღებინება, ოსსალგიები და ართრალგიები, უმადობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, ასევე ცემინება, ხველა, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გრიპის ყველაზე ხშირი გართულება ვირუსული პნევმონიაა. ამიტომ თუ ტემპერატურული პიკები არ მცირდება მესამე დღიდან, ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ხველის გაძლიერება, ძილიანობა ნუ დააყოვნებთ და მიმართეთ ექიმს.
ეს ის ძირითადი ნიშნებია, რომელიც სეზონურ გრიპს ახასიათებს, გრიპის ვირუსის განვითარების ციკლი 5-7 დღეა, რის შემდეგაც ხდება მისი ელიმინაცია ორგანიზმიდან. ამჟამად პრევალირებს A ტიპის ვირუსი, განსაკუთრებით უტევს ბავშვებს, რომელთა იმუნოლოგიური მეხსიერება ჯერ ჩამოსაყალიბებელია. გრიპის ვირუსს ახასიათებს ანტიგენური სტრუქტურის ხშირი ცვლებადობა, ამიტომ იმუნურ სისტემას ყოველ წელს შეიძლება უცხო აგენტად მოევლინოს და სწორედ ამიტომ გვაქვს ყოველწლიურად გრიპის ეპიდემია. არანაირი პანიკა, უბრალოდ დროულად მიმართეთ ექიმს…
გრიპის სიმპტომებს თავიდან აგარიდებთ დროული ვაქცინაცია, რაც ოქტომბერ-ნოემბერში უნდა ჩაუტაროთ ბავშვებს.
მოერიდეთ ადამიანების თავშეყრის ადგილებში სიარულს, ხშირად დაიბანეთ ხელები, მაქსიმალურად ხშირად გაანიავეთ ოთახები და დაალაგეთ სველი წესით, ნუ წაიყვანთ ავადმყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში, დაივიწყეთ მისალმების გადაკოცვნითი ფორმა, იხმარეთ ერთჯერადი ნიღბები და ხელსახოცები, ხმარების შემდეგ აუცილებლად გადაყარეთ, მიიღეთ დიდი რაოდნობით სითხე და ვიტამინიზირებული საკვები…
შარშანდელთან შედარებით, წელს გრიპი ვაქცინირებულ ბავშვებშიც გამოვლინდა, თუმცა შედარებით მარტივი მიმდინარეობით, გართულებების გარეშე.“
fortuna.ge
შეგახსენებთ, აჭარაში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა. მან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 17 დეკემბერს სუნთქვის მწვავე უკამრისობით მიმართა.