პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადების მიუხედავად, რამოდენიმე ფინანსური ბიურო აცხადებს, რომ სესხები მართალია, პრემიერის გამოცხადებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მათ აქვთ შდა კრიტერიუმები და ამის თანახმად არ გაუნულებენ მოქალაქეებს სესხებს.
მაგალითად, მოქალაქემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ ცინცაძის 12 ნომერში მდებარე ფინანსურმა ბიურომ მას სესხი არ გაუნულა. მოაქალაქის განცხადებით, ბიუროს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ახსაბაძემ მას უთხრა, რომ პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სესხი მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, პატიმრებს, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს გაუნულეს.
“აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჩემი სესხი, რომელიც netcredit-იდან მქონდა გამოტანილი, აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, მაგრამ მათ კიდევ აქვთ შიდა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითც გადაწყვეტის, რომ ჩემი სესხი არ განულებულიყო. პროექტი კი ნებაყოფლობითია და განულებას ვერავინ გვაიძლებსო”, – განაცხადა მოქალაქემ.
გარდა ამისა, მოქალაქეს სესხი არ გაუნულეს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფინანსურ ბიუროშიც. მათაც მიზეზად შიდა კრიტერიუმები მოიყვანეს.
“ccloan-ის სესხი გადაცემული არის ფინანსურ ბიუროში, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. იქ განაცხადეს, რომ პრემიერის მიერ გამოცხადებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ, მაგრამ არსებობს შიდა კრიტერიუმები, რომელიც ვერ დავაკმაყოფილე. რა არის შიდა კრიტერიუმები, ამას აღარ ამბობენ. ძირი თანხა არის 300 ლარი და წელიწადზე მეტი არ მაქვს თანხა შეტანილი”, – აცხადებს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა განცხადება, რომ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს 31 დეკემბრამდე გაუნულდებოდა ვალები. პრემიერის თქმით, თანხას მთლიანად ფონდი “ქართუ” დაფარავდა. ვალების განულების პროცესი დაიწყებოდა 15 დეკემბერს და დასრულდებოდა 31 დეკემბერს და ახალ წელს ეს მოქალაქეები ვალების გარეშე შეხვდებოდნენ და ისინი ე.წ. შავ სიაშიც აღარ იქნებოდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა პრემიერის გამოცხადებული კრიტერიუმები ვალის გასანულებლად საკმარისი არ არის.
ამ ეტაპზე საიტზე vali.ge-ზე მოცემულია ის ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც სესხები გაანულეს. თუმცა, ჩანს, რომ მითითებულ ორგანიზაციებში ყველას არ განულებია სესხი.