არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ლომია – “პატრიოტთა ალიანსი” ეცდება “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ მოვიდეს

ეს უმადურობის შედეგია. ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლება ხალხს უმადურად ექცეოდა. ვინც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, რატომღაც, დღეს ბარიკადებზე აღმოჩდა და ვინც ხელკეტს ურტყამდა, აუპატიურებდა, კლავდა, დაწინაურებულია ან თავიანთ ადგილებს ინარჩუნებენ, – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გააკეთა.

ლომიას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” ეცდება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

“დემოკრატობანას რომ თამაშობენ, სანამ კანდიდატს დააყენებდნენ, ხალხისთვის უნდა ეკითხათ, მისაღები იყო თუ არა მათთვის.  პრაიმერისი ჩაეტარებინათ და მიხვდებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა იმ ადამიანის კანდიდატურა დაეყენებინათ, რომელსაც ორი პროცენტი აქვს. ეს შედეგი ამან გამოიწვია. რაც შეეხება კითხვას – დავუჭერთ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, რათა ქვეყნის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს. აქცენტი ამაზე იქნება გაკეთებული და არა იმაზე, იქ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ პეტრე ბალანჩივაძე. ჩვენი მიზანი ყოველთვის არის და იქნება ოღონდ არა – „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ლომიამ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცედურა დაასრულა. ცესკო-ს მონაცემებით, 3705 უბნის მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 615 433 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.64 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37.74 პროცენტია.

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 797 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.98 პროცენტს შეადგენს.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. აღნიშნული მონაცემების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 პროცენტია.

იტვირთბა....