მირზა სუბელიანი სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მირზა სუბელიანს მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მისი შვილის უფლებები დაცული ყოფილიყო.
სუბელიანი აცხადებს, რომ მისი ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა შვილთან დაკავშირებით თავდასხმები.
მირზა სუბელიანი თვლის, რომ მისი შვილის უფლებები იყო დარღვეული და სახალხო დამცველთან თხოვნა ჰქონდა, რომ შვილის უფლებები ამ პროცესში ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, სუბელიანი აცხადებს, რომ საკანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით სად, როგორ მოხდა, ამაზე არ უსაუბრია. ჩვენი ინტერესის საგანი იყო, გვენახა, რამდენად იყო დაცული მისი უსაფრთხოება, რაზეც განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს. საკანში სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ყველა კითხვა, რაც ეხებოდა გავრცელებულ ჩანაწერებს, უპასუხოდ დატოვა. ვთვლი, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის დანაშაულის ნიშნის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება წამებას, არასრულწლოვნების ცემის ფაქტს, რაზეც თავად სუბელიანი საუბრობს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, მათ შორის, როგორც ჩანს, თავადაც არის მონაწილე. თუმცა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მტკიცებით ფორმატში, რადგან ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება გამოძიება. დაირღვა პატიმრის უფლებები, ამასთანავე, შინაარსთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.