ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თეა წულუკიანი სუბელიანის ფარულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს.

თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძიებამ დეტალურად უნდა დაადგინოს, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და როდის არის ის გაკეთებული.

გარდა ამისა, თეა წულუკიანის თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დეტალია, ვინ გამოიტანა ჩანაწერი საკნიდან, თუ ეს ნამდვილად ციხის კედლებში ჩაიწერა.

„ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი – თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში. არის თუ არა ავთენტური და ასე შემდეგ.

ამის თაობაზე, როგორც გუშინ პროკურატურამ, ვნახეთ, გაავრცელა განცხადება, სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული.

მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება და იმედი მაქვს რომ პროკურატურა საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“-აცხადებს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

იტვირთბა....