ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამხდრო

ირაკლი ალადაშვილი – ლუგარის ლაბორატორიის თემის წინ წამოწევა, სკრიპალების მოწამვლის ფაქტის გადაფარვას ემსახურება

რეალურად, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას ჭირდება ასეთი ლაბორატორია, რომელშიც სწრაფად შეიძლება დადგინდეს ხომ არ არის საშიში ესა თუ ის პათოლოგია, – ამის შესახებ “მეტრონომს” სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა განუცხადა.

ალადაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას ჭირდება მსგავსი ლაბორატორია.

“ის, რაც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსულ მასმედიასა და ოფიციალურ სტრუქტურებში ხდება, ეს ყველაფერი დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის ფაქტის გადაფარვას ემსახურება. გარდა ამისა, იქ რეალურად, გამოყენებული იქნა საბრძოლო ქიმიური მომწავლელი ნერვოპალარიტიკული ნივთიერება “ნოვიჩოკი”. ამ ყველაფრიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, წამოატივტივოს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ე.წ. საფრთხეები.

რეალურად, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას ჭირდება ასეთი ლაბორატორია, რომელშიც სწრაფად შეიძლება დადგინდეს ხომ არ არის საშიში ესა თუ ის პათოლოგია. ჩვენ რომ ეს ლაბორატორია არ გვქონდეს, უნდად ვაგზავნოთ ნიმუშები ამერიკასა და ევროპაში და ამას დრო და ფული უნდა. ასე, რომ ომის საფრთხე არ არსებობს”, – განაცხადა ალადაშვილმა.

რუსეთი საქართველოს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტები მოიპოვეს.

დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ პათოგენებს ამუშავებენ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე, რადგან რუსეთს ეს საკითხი აწუხებს, ვინაიდან ლაბორატორია რუსეთის ტერიტორიასთან მეზობელ ქვეყანაშია.

“უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება.

ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოს და აშშ სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმო მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას, გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, <ანტიბიოტიკორეზისტენტობის დიფთერიისა სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით. საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....