ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ვალდებულია, დაკისრებული მოვალეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საუბრობს.
მისი თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც „ევროპულმა საქართველომ “ მოამზადა, უფლებამოსილების გადამეტების კლასიკური მაგალითია.
„კომისიამ ყალბი მილოდინები არ უნდა შექმნას. ეს უფრო მეტი ტრავმისა და ზიანის მიყენება იქნება როგორც დაზარალებულებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. რეკომენდაციები, რომლებიც „ევროპული საქართველოს” მიერ გამოგვეგზავნა, სამწუხაროდ, პირდაპირი და კლასიკური მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტო და პატივი არ სცე ხელისუფლების დანაწილების შესახებ კონსტიტუციურ პრინციპს. მესმის, რომ დიდია ცდუნება, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ილუზია შექმნან, თითქოს აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც გამოძიებამ ან სასამართლომ ვერ დაინახა. უნდათ, რომ ასეთი სურათი შეიქმნას, მაგრამ ეს ადამიანურადაც და მორალურადაც სრულიად მიუღებელია. დაუშვებელია, ვარაუდებით ვინმეს მკვლელობის ჩადენა დააბრალო. ეს კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაა. სააპელაციო სასამართლოში, ასევე პირველ ინსტანციაში სხვა პირების მიმართ საქმის განხილვა და გამოძიება მიმდინარეობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულებას თავისი ფუნქცია დავუტოვოთ და ჩვენ კი, ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. შესწავლის პროცესში ხარვეზებს ჩვენც ვხედავთ. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება უფრო ადრე ან უფრო თანმიმდევრულად ჩატარებულიყო. ეს საკამათო საკითხია, რადგან მკვეთრად გაწერილი პროცედურა კანონში არ არსებობს. გამოძიება წყვეტს, როდის რას გააკეთებს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ
როგორც ბესელიამ აღნიშნა სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მართლმსაჯულების ორგანომ უნდა განსაზღვროს და არა საგამოძიებო კომისიამ.
„რაზეც ჩვენი ოპონენტები ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობენ, იქნება ეს ე.წ ტარი, თუ ჯიბეში ვიღაცის ხელის ჩაყოფა, ასეთი სტანდარტით პირის დამნაშავეობაზე საუბარი არ შეიძლება. ეს შეფასებები მართლმსაჯულების საგანია. ხარვეზებს, რაც ჩვენ ვნახეთ, ჩვენი შეფასებების ნაწილში ნახავთ. მოვახდენთ განზოგადებას, რა არის საკანონმდებლო კუთხით გასაკეთებელი და რა არის შესაცვლელი განათლებისა და უსაფრთხოების მხრივ. ველოდებით, რომ დაასრულონ რეკომენდაციები, რომლებიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
ყველა მასალას, რაც კომისიამ მოიპოვა, საგამოძიებო ორგანოებს მივცემთ და გარკვეული რეკომენდაციები გვექნება. საბოლოოდ კი, მართლმსაჯულების ორგანომ განსაზღვროს ვის რა კვალიფიკაცია შეიძლება შეეფარდოს და ვისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. თუ ეს არ გავყავით და მკვეთრად არ იქნება დაცული ზღვარი, სად უნდა გაჩერდეს კომისია და სად იწყება საგამოძიებო ორგანოების ფუნქცია, ყველაფერი აირ-დაირევა და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერასდროს აღდგება. პარლამენტმა, რომელსაც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, რომ სხვა აკონტროლოს, კანონი თავად უნდა დაიცვას. ვინც არ უნდა დაწეროს, ვერავის დასკვნას ვერ დავეთანხმები თუ ის კონსტიტუციურ პრინციპებს დაარღვევს და ადამიანების ბედით ივაჭრებს. ხარვეზები იყო, მაგრამ მითითებები, რომ კონკრეტული მინისტრი გადადგეს, ის ჩამოვახრჩოთ, ის ჩამოვკიდოთ და ეს გადავაყენოთ, ეს უკვე პოლიტიკური დღის წესრიგია. როცა საგამოძიებო კომისია ხარ, ცდუნებას უნდა გაუძლო და დასკვნაში პოლიტიკური დღის წესრიგი კი არ უნდა ჩამოწერო, არამედ ის უნდა დავწეროთ, რაც ვნახეთ. ჩვენ ზუსტად იმას ვწერთ, რაც ვნახეთ” -განაცხადა ეკა ბესელიამ.