ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე შრომით უფლებებზე: “მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ სწორი ზომების მიღების საშუალება არ მოგვცა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინდელის შახტაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ქონდათ  სწორი პოზიცია, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ სწორი ზომების მიღების საშუალება არ მისცა.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს. დაიღუპა 4 მეშახტე, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს, სრულიად საქართველოს. ეს ტრაგიკული შემთხვევა არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი და ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ არის კონკრეტული ზომები მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. მე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, თქვენ გახსოვთ ჩვენი კომისია საპარლამენტო მუშაობის პროცესში, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების საშუალება და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს საჭიროებს სასწრაფო ცვლილებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით ასევე აღნიშნა, რომ შახტის დახურვის თაობაზე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პრინციპული და სწორი იყო.

„მე მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა პრემიერმინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მიიღო პრინციპული და ძალიან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება შახტის დახურვის თაობაზე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ამ ტრაგიკულ მოვლენებთან, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იტვირთბა....