მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.
ახიანმა აღნიშნა, რომ მთავრობას ორკვირიანი ვადა აქვს, რათა პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურა წარუდგინოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველი არხი ავრცელებს.
„თუ მთავრობა შალვა თადუმაძეს წარმოადგენს და ეს ასეც მოხდება, მას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რადგან ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს”, – აცხადებს კახიანი.
გიორგი კახიანი შალვა თადუმაძეს ახასიათებს, როგორც თავის საქმის პროფესიონალს, კომპეტენტურ პირს და ამბობს, რომ მას ადვოკატად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და სისხლის სამართლის სფეროც კარგად იცის.
„საკანონმდებლო თვალსაზრისით, მთავარი პროკურორი მთლიანად დამოუკიდებელია და მას ყველანაირი სამართლებრივი გარანტია აქვს, რომ დამოუკიდებელი იყოს. შალვა თადუმაძე მისი პრინციპულობიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი პროკურორი იქნება და გადაწყვეტილებებს კანონის შესაბამისად მიიღებს”, – განაცხადა კახიანმა.