სუს-მა თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაღვრისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ მხუთავი აირით მოიწამლა. აეროპორტში მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ იციან რა არის ამის მიზეზი.