“მეტრონომმა” თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატთან ალეკო ელისაშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა…
მეტრონომი: ქვეყანაში რას აკრძალავდით?
ალეკო ელისაშვილი: ძალიან ბევრ რამეს ავკრძალავდი, ასე კონკრეტულად მიჭირს თქმა.
მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ დადიხართ და კონკრეტულად რომელში?
ელისაშვილი: არა, არ დავდივარ, ხმაური არ მიყვარს. თუმცა, ნორმალურად მიმაჩნია, რომ ხალხი მანდ დადის. ჩემი მეგობრებიც დადიან და ჩემი ასაკის ხალხიც. უბრალოდ, მე არ მიყვარს.
მეტრონომი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რას ფიქრობთ და თავად თუ გაგისინჯავთ?
ელისაშვილი: გამისინჯავს, ახლა არ ვსინჯავ. დეკრიმინალიზაციისა და ზოგადად, ლიბერალიზაციის მომხრე ვარ.
მეტრონომი: კალაძე თუ ნარმანია? დაგვიხასიათეთ ორივე თითო-თითო სიტყვით.
ელისაშვილი: კალაძე არის “მატრაკვეცა” და ნარმანია – მუქთახორა.
მეტრონომი: რომელ პოლიტიკოსთან ითანამშრომლებდით?
ელისაშვილი: ძალიან დიდ პატივს ვცემ “თავისუფალი დემოკრატების” წევრს, ნინო გოგუაძეს.
მეტრონომი: რა არის თბილისის ყველაზე დიდი პრობლემა?
ელისაშვილი: შხამიანი ჰაერი, რომელიც სინამდვილეში მომაკვდინებელია.
მეტრონომი: ვინ არის დღეს ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი?
ელისაშვილი: არც ვიცი ვინმე თუ არის ლამაზი ქალი ქართულ პოლიტიკაში.
მეტრონომი: მარგველაშვილი თქვენში რა ასოციაციას იწვევს?
ელისაშვილი: მიჭირს თქმა.
მეტრონომი: უნდა ვუხდიდეთ თუ არა საპატრიარქოს 25 მილიონს ბიუჯეტიდან?
ელისაშვილი: ჩემი აზრით, თანხას უნდა ვუხდიდეთ, 25-ს თუ მეტს თუ ნაკლებს სხვა ამბავია. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, აუდიტის სამსახური ყოველ თეთრს უნდა აკონტროლებდეს. როგორც სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს აკონტროლებს.
მეტრონომი: საკრებულოში არსებული სიტუაცია ერთი წინადადებით გვითხარით..
ელისაშვილი: არაფრის კეთების დაწესებულებაა საკრებულო. რეალობას აცდენილია.
მეტრონომი: გვჭირდება თუ არა საზმაუ?
ელისაშვილი: გვჭირდება, ოღონდ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს და გაცილებით ნაკლები უნდა გადავუხადოთ.
მეტრონომი: მსოფლიო ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობთ?
ელისაშვილი: არავის. ჩემთვის სპორტი საინტერესოა, როდესაც ქართველი მონაწილეობს. აგერ სუმოს ლამის სპეციალისტი გავხდი ჩვენი ლევან გორგაძის ხათრით. ფეხბურთში როდესაც ჩვენები არ არიან, არაფერი მაინტერესებს.
მეტრონომი: ივანიშვილი თუ სააკაშვილი?
ელისაშვილი: არც ერთი.
მეტრონომი: 17 მაისი რასთან ასოცირდება თქვენთვის?
ელისაშვილი: 17 მაისი 17 მაისთან ასოცირდება.
მეტრონომი: ანა სუბელიანის 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას როგორ შეაფასებდით?
ელისაშვილი: ვერც ტრაგიკულს ვხედავ მაგაში რამეს და მთლად მოსაწონიც არ იყო. შეგნებულად იმ ადამიანს მსგავსი არ გაუკეთებია და თავის დამოკიდებულების გამოხატვა უნდოდა. ფეხქვეშ გაეთელა 9 აპრილის მემორიალი და ასეთი რამ არ ქონდა აზრად.
მეტრონომი: რა მუსიკას უსმენთ?
ელისაშვილი: ქართულ რაღაცებს ვუსმენ. აი, ახლა იმ გოგოზე ვარ გადარეული, სოფო ბათილაშვილზე, ძალიან მაგარი გოგოა.
მეტრონომი: ვის ისურვებდით პრეზიდენტად?
ელისაშვილი: არავითარ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის”და არავითარ შემთხვევაში “ქართული ოცნების” კანდიდატს.
ავტორი: ბესო კუნელაური