22 წლის ბიჭს, მამადუ გასამას, რომელმაც მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა (ნახეთ ვიდეო), საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ელისეის სასახლეში გასამა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ქვეყნის პრეზიდენტმა პირადად გადაუხადა მადლობა, სიმამაცისთვის მედალი გადასცა და მეხანძრედ დასაქმებას დაჰპირდა.
სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოში ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე.
როგორც შემდგომ გაირკვა, მამადუ გასამა საფრანგეთის დედაქალაქში მალიდან რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და იქ არალეგალურად ცხოვრობდა:
„შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში გამოკიდებული ბავშვი დავინახე, მიყვარს პატარები და არ დავუშვებდი მას რამე დამართნოდა. ბავშვის ასეთ სიტუაციაში დანახვამ მომცა ძალა შიშველი ხელებით იქამდე ასვლის, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, უბრალოდ, მინდოდა გადამერჩინა,“ – უთხრა მამადუ გასამამ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა ბავშვი მეოთხე სართულის აივნიდან გადმოკიდებული. Le Figaro-ს ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, აივანზე იყო ჩაკეტილი და სახლში ამ დროს არავინ იმყოფებოდა.
როცა თვითმხილველებმა სახანძრო და პოლიცია გამოიძახეს, მამადუს წყალობით ბავშვი უკვე უსაფრთხოდ იყო. ამ შემთხვევის შემდეგ ბავშვიც და მისი გადამრჩენელი 22 წლის ემიგრანტი მალიდან – საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შემდეგ მამადუ გასამას მხოლოდ მცირე ნაკაწრი ჰქონდა ფეხზე.
საფრანგეთის სასამართლოში დღეს საღამოს ბავშვის მამის წინააღმდეგ სარჩელი შევა. სამართალდამცავები მშობლებს დაკითხავენ, თუ რატომ იყო მცირეწლოვანი ბავშვი ჩაკეტილი შინ მარტო.
პარიზის მერმა ანა იდალგო მამადუ გასამას შესახებ ტვიტერში დაწერა. მან მიგრანტის ტელეფონის ნომერი გაიგო და პირადად გაესაუბრა ბიჭს. აღმოჩნდა, რომ მამადუ მალიდან რამდენიმე თვის წინ ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად. მამადუ საფრანგეთის არალეგალი მიგრანტი აღმოჩნდა. ანა იდალგო მას დაჰპირდა, რომ სპონტანური სიმამაცისთვის მას პარიზის მერია და საფრანგეთის სახელმწიფო ყველა პირობას შეუქმნის, რომ ამ ქვეყანაში ღირსეული მომავალი ჰქონდეს.
netgazeti.ge