ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავისუფალი დემოკრატები” “ქართულ ოცნებას”: მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის განხილვაზე

“თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს პრეროგატივა გახდება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს.

“თავისუფალ დემოკრატებში” მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის წევრების მიერ ამ კანონპროექტის შექმნა და პარლამენტში წარდგენა მეტყველებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოში აპირებს იდეოლოგიურ, საკანონმდებლო და სადამსჯელო რეპრესიებს თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ.

“ამ კანონონპროექტის მხოლოდ გაჩენაც კი ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება” არა მარტო ოცნებობს, როგორმე შეზღუდოს და გააკონტროლოს ყველა სფერო, რომელშიც ადამიანის თავისუფლება ვითარდება და გამოიხატება,  არამედ უკვე გეგმავს კონკრეტულ საკანონმდებლო ნაბიჯებს, რათა მოიპოვოს ფორმალური უფლება, თავისი სურვილისამებრ შეიჭრას შემოქმედებაში, დაიპყროს და დაიმორჩილოს როგორც ცეკვა, ასევე პოეზია, როგორც გამოხატვის უფლება, ასევე შემოქმედებითი თავისუფლება.

ამ კანონპროექტში დაუფარავად გამოჩნდა, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება შეზღუდოს, დააკნინოს ადამიანის უფლება, იყოს საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მათდამი სურვილისამებრ კრიტიკული შემოქმედების ავტორი.

აღნიშნული კანონპროექტი უშუალოდ ემუქრება საქართველოს მომავალს, ემუქრება თავისუფალი ადამიანის მომავალს საქართველოში.

იმის მიუხედავად, რომ ღრმად ვართ დარწმუნებული, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი კანონი არ იმუშავებს, მივმართავთ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის განხილვაზეც კი, რადგან ეს იქნება  სამარცხვინო აქტი, რომელიც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციასა და  დემოკრატიულ განვითარებას”- აცხადებენ პარტიაში.

იტვირთბა....