“ვიმედოვნებ, ამჯერად მაინც მოხდება გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ასე ძალადობს ჩემზე აგერ უკვე რამდენი წელია” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მას თითქმის 7 საათი კითხავდნენ.
„დაიწყო გამოძიება. გამომკითხეს. წარვუდგინე წერილი, რომელშიც იყო მუქარა კარის შემომტვრევასთან დაკავშირებით, წარვუდგინე „ფლეშკა“, რომელზეც ჩაწერილი იყო ტელევიზიის კამერიდან ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ვიღაც მამაკაცი მოდის და უტოვებს ოპერატორს წერილს, რომელშიც იყო მუქარა. ვიმედოვნებ, ამჯერად მაინც მოხდება გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ასე ძალადობს ჩემზე აგერ უკვე რამდენი წელია” – განუცხადა გრიგოლიამ ჟურნალისტებს.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ამ ფაქტზე წერილი დაწერა, პირი, რომელიც მას ემუქრებოდა, აღარ გამოჩენილა:
„იმედია, მთელი სიმკაცრით დაისჯება ადამიანი, რომელიც ასეთ სტრესში მაცხოვრებს. ქუჩაში რომ გამოვდივარ, მე არ ვიცი ჩემს სახლთან ვინმე დამხვდება და ჩამარტყამს თავში რამეს თუ არა. არ ვიცი, ეს ადამიანი ვინ არის. შეიძლება როცა გესაუბრებით, აქ იდგეს“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ემუქრებიან დაახლოებით 7 წელია და აპირებს, რომ შეიარაღებულმა იაროს.