საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. მთავრობის მეთაური, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. ასევე, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში ,,შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის“ და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან. 23 მაისს, პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, “შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში” გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.