პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ასე აქტიური ფორმით დაბრუნების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა – რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, ამაზე დღეს ის თავად ისაუბრებს.
როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, საკითხი იმდაგვარად ნამდვილად არ იდგა, რომ პარტია “ქართულ ოცნებას“ გადარჩენა სჭირდებოდა, თუმცა ივანიშვილის ჩართვა პარტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ ახალი შემადგენლობით ავირჩიოთ, როგორც პოლიტიკური საბჭო, ასევე რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ პარტიის ახალი თავმჯდომარე – პარტიის დამფუძნებელი. ეს არ არის პატარა ცვლილება. ეს არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც გავლენა ექნება როგორც პარტიის შიგნით პროცესებზე, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში. ეს გავლენა იქნება მხოლოდ პოზიტიური და კარგი მიმართულებით“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.