ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „მეტრონომთან“ აცახდებს, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა იყო იმ დისკუსის და იმ პოზიციის ლოგიკური გაგრძელება , რომელიც მან მმართველ გუნდთან მიმართებაში “ოცნებასთან“ გამიჯვნის შემდეგ აირჩია.
რაც შეეხება პრეზიდენტის აქცენტებს, რომელიც მან განათლების სისტემაზე გააკეთა, ანალიტიკოსი ეთანხმება, რომ ნამდვილად ამ სფეროში დიდი არაფერი გაკეთებულა, თუმცა მიაჩნია, რომ არც მისი განათლების მინისტრობის დროს მომხდარა ამ სფეროში სისტემური ცვლილებები. რაც შეეხება მედიის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მედიის სტრესულ გარემოში მუშაობის წარმოჩენა იმ კონტექსტში, რომ მას ავიწროვებენ არასამართლიანია.
„მედიის კუთხით შესაძლოა პრობლემები მართლა არსებობდეს, თუმცა ამ კუთხით 2012 წლიდან სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა. ყველამ ხომ კარგად ვიცით, სააკაშვილის მმართველობის დროს მედიას მუშაობა რა პირობებში უწევდა. დღეს ოპოზიციურ პარტიებს მედიასთან ლამის უკიდეგანო წვდომა აქვთ, რის დეფიციტიც წინა ხელისუფლების დროს აშკარად შესამჩნევი იყო. ამ კუთხით პრეზიდენტის კრიტიკას ვერ გავიზიარებ. პირადად ჩემთვის მისი გამოსვლა მაინც და მაინც საინტერესო არ ყოფილა.
მარგველაშვილი საკმაოდ ფრთხილი და გონიერი ადამიანია, რომელიც შეეცადა, რომ თავისი გამოსვლით რომელიმე პოლიტიკური ძალების წისქვილზე არ დაესხა წყალი. ის შეეცადა, რომ მისი გამოსვლა კრიტიკული მაგრამ მაქსიმალურად დაბალანსებული ყოფილიყო. ის რომ პრეზიდენტის გამოსვლა ოპოზიციას მოლოდინს არ გაუმართლებდა ჩემთვის სიუპრიზი არ ყოფილა.
თუმცა, მას შეეძლო, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე უფრო მეტი ესაუბრა, ესაუბრა გადაუწყვეტელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, ასევე შეეძლო ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ვექტორზე გაემახვილება ყურადღება – საით მიდის ქვეყანა და რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ და საზოგადოებისთვის ამ კუთხით თავისი პოზიცია ეჩვენებინა,“ ,-განაცხადა „მეტრონომთან“ ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. მან ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე ყურადღება გაამახვილა. ამ წუთებში კი დებატები მიმდინარეობს.

